Archive for the ‘ხელოვნება’ Category

იან ვერმეერი

იან ვერმეერი XVII საუკუნის ჰოლანდიელი ფერმწერია. 1632 წელს ქალაქ დელფტში, ბერგერ ვერმეერს შეეძინა ვაჟი იოანესი (იანი). მომავალი დიდი მხატვრის მამას ჰქონდა სასტუმრო, აწარმოებდა მოდურ აბრეშუმს და ხანდახან სურათებითაც ვაჭრობდა. იანი იზრდებოდა წელგამართულ ოჯახში, სადაც მკაცრი წესრიგი სუფევდა. ბავშვობის წლები უდარდელად მიდიოდა, რაც უფრო იზრდებოდა, მეტად აკვირდებოდა მამამისთან მოსულ გრძელთმიან მხატვრებს, რომლებიც ნამუშევრებს უტოვებდნენ მამას. ყმაწვილობაში თვითონვე მოსინჯა ფუნჯი. ოჯახში ამით არ აღფრთოვანებულან, მაგრამ არც ხელი შეუშლიათ.
1653 წელს მხატვართა წმ. ლუკას სახელობის გილდიამ თავის რიგებში მიიღო ახალგაზრდა ვერმეერი. ამ დროისთვის ის დაქორწინებული იყო ეკატერინე ბოლნესზე. მასთან ეყოლა რვა ბავშვი. 1654 წ. დელფტში აფეთქდა დენთის საწყობები, რამაც შეიწირა ვერმეერის მასწავლებლის ნიჭიერი კარელ ფაბრიციუსის სიცოცხლე, რომელიც ძალიან ბევრს პირდებოდა ვერმეერს. საერთოდ მისი ბიოგრაფიული დოსიე ძალიან მწირია. ჩვენ არ შემოგვრჩენია არც მხატვრის ჩანაწერები, არც დღიურები, მხოლოდ შემთხვევითი ცნობები მისი თანამედროვეებისგან.თავის ტილოებს საკმაოდ ძვირადაც ჰყიდდა, მაგრა მუშაობდა ძალიან ნელა. წლსიწადში ორ ნამუშევარს თუ დაამთავრებდა, ამიტომ საფიქრელია, რომ იგი შემოსავლის სხვა წყაროებითაც სარგებლობდა. მისი დიდი მფარველი და შემოქმედების დამფასებელი გახლდათ (სხვათა შორის მეფუნთუშე) ჰენდრიკ ვან ბუიტენი.
მხატვარი გარდაიცვალა 43 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად, დარჩა ცოლი და 8 ბავშვი, ბევრი დაუმთავრებელი ტილო, არ არის სემორჩენილი მისი ავტოპორტრეტიც. ჩვენ არ ვიცით როგორ გამოიყურებოდა ვერმეერი, მან გამოსახა თავი ერთ ტილოზე ,,მხატვრის სახელოსნო”, სადაც იგი ზურგითაა ჩვენსკენ მობრუნებული, ტილო ისეთი სიზუსტითაა შესრულებული, გვიჩნდება სურვილი დავუძახოთ მხატვარს,,მობრუნდით იან! დაგვანახეთ თქვენი სახე!”
უცნაურია, მაგრამ ასეთი გენიალური მხატვარი, მხოლოდ ბრმა შემთხვევამ აღმოაჩინა XIX საუკუნის შუა წლებშ. ცნობილია რომ ტორეს ძალიან მოეწოა მისი ერთ ერთი ნამუშევარი,  მან თავისი აღრფთოვანება გადასდო ხელოვნების ისეთ დამფასებლებს როგორებიც იყვნენ თეოფილე გოტიე, ძმები გონკურები და მაქსიმ დიუკანი. ათი წლის ძიების შემდეგ თითქმის ყველა ნახატი აღმოჩენილ იქნა, მაგრამ ვერმეერის ტილოები 40-ს არ აღემატებოდა. სიმცირის გამო ფასები წარმოუდგენლად მაღალია მის ნამუშევრებზე, რადგან ყველა დიდ მუზეუმს აქვს პრეტენზია, რომ ფლობდეს ვერმეერის შედევრებს.